მოსწავლე
მივესალმები საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალი "პირველი ავტოგრაფის" დაარსებას და მის ყველა მონაწილეს, ჩემს თანატოლებს და იმედი მაქვს მომავალში მეგობრებს. უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან მახარებს ამ ფესტივალის ჟიურის წევრობა, რადგან პატარაობიდან თეატრთან ვარ დაკავშირებული, დიდ დროს სულ თეატრში ვატარებდი, თეატრთან დაკავშირებულები არიან ჩემი მშობლებიც და მახსოვს, თუ თეატრში არ ვიყავი, ინტერნეტში ვუყურებდი სპექტაკლებს და მერე იმ სცენებს, რომლებიც ყველაზე მეტად მამახსოვრდებოდა, ვიმეორებდი. თეატრი არის ჩემთვის მუდმივი დღესასწაული. მჯერა, რომ ეს დაუვიწყარი დღეები ჩემი თანატოლების ისეთ მხარეებს წარმოაჩენს, რომლის შესახებ შესაძლოა მათაც არ იცოდნენ. ამიტომ მოუთმენლად ველოდები თეატრალური ფესტივალის მღელვარე შემოქმედებით დღეებს.
თანატოლი ჟური
თეატრთმცოდნე
საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში. ფესტივალი რესპუბლიკური მაშტაბისაა და პირველად ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქალაქ ბათუმის, ასევე აჭარის რეგიონების სკოლები. ფესტივალის მიზანია უპირველესად საჯარო და კერძო სკოლებში მუდმივმოქმედი თეატრალური დასების შექმნა. ეს კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის, მოზარდების ინტერესის გაღვივებას და მიახლოვებას ხელოვნების ურთულეს ჟანრთან-თეატრთან. ფესტივალის ყველაზე წარმატებული იდეაა-მხოლოდ ქართული დრამატურგია, რაც კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას მონაწილეებს ეზიარონ ქართულ სიტყვას. თეატრში ხომ უპირველესი სიტყვაა. ვინ იცის რამდენი მომავალი მსახიობი გამოვლინდება. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ-ფესტივალის მონაწილეებისაგან კარგი მაყურებელები გაიზრდებიან.
ფესტივალში ყველა მონაწილეს ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს, ხოლო ფესტივალის პროექტის ავტორებს გამარჯვებას, „პირველ ავტოგრაფს“ ხანგძლივ სიცოცხლეს და გაფართოვებას მთელი საქართველოს მაშტაბით, ხოლო შემდგომ კი გზას დავულოცავთ საერთაშორისო ასპარესზე.
ჟიურის თავმჯდომარე
კინომცოდნე-ჟურნალისტი
პირველი ავტოგრაფი - არაჩვეულებრივი წამოწყებაა, რომელიც მოზარდებს ჯადოსნური სამყაროს კარებს უღებს. საშუალებას აძლევს მიუახლოვდნენ გარდასახვის ხელოვნების საიდუმლოს, რომელიც მაყურებელს აღაფრთოვანებს და ახარებს. ახალგაზრდები გაიგებენ, რომ ამ აღფრთოვანების მიზეზი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ მხატვარიც, კომპოზიტორიც, ქორეოგრაფი, დრამატურგი, რეჟისორი. ისინი ერთად ქმნიან ამ იდუმალებით მოცულ მაგიას.
ყოველი სპექტაკლის უკან უზარმაზარი შრომა დევს. მოსწავლეებს უდიდესი სიამოვნება ელით წინ კულისებს მიღმა ცხოვრების აღმოჩენით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თეატრთან შეხება ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან შეხებასაც გულისხმობს და შესაბამისად, მოზარდების ერუდიციას აღრმავებს, თვალსაწიერს აფართოვებს, ფიქრს ასწავლის, საკითხების სიღრმისეულ ანალიზს აჩვევს, უფრო მიმტევებელს და შემწყნარებელს ხდის.
წარმატებას ვუსურვებ ფესტივალს, მათ მონაწილეებს კი - ამ ჯადოქრობასთან ზიარებით დიდი სიხარულისა დ აღტაცების განცდას.
ჟიური
არტისტი
მოგესალმებით და გილოცავთ ყველას, ამ მეტად სასიამოვნო და სასიხარულო დღეს საყმაწვილო-სასკოლო, თეატრალური დასების ფესტივალის „პირველი ავტოგრაფის“ გახსნას. სასიამოვნოა იმიტომ, რომ აჭარა არის ის პირველი მერცხალი, რომელმაც ბავშვთა განსაკუთრებული ბედნიერების დღეებს ჩაუყარა საფუძველი. დიახ, წინ განსაკუთრებული და საინტერესო დღეები გველოდება.
ვიღაცას კითხვა გაუჩნდება - რა იცი, რომ საინტერესო იქნება, ჯერ ხომ არაფერი გვინახავს?
თქვენ წარმოიდგინეთ, მჯერა, რადგან ჩვენ შეხება გვექნება პირველყოფილ ნიჭიერებასთან, ხელშეუხებელ და დაუმუშავებელ ტალანტებთან, ამიტომაც ზუსტად ვიცი საინტერესო სანახაობა გველის. დარწმუნებული ვარ გვექნება საინტერესო აღმოჩენები გველის ბავშვების სახით.
ჩვენ ხომ მრავალმხრივად ნიჭიერი ერი ვართ, და ვიცი რომ აქაც, ამ სფეროშიც გამოჩნდებიან არტისტული ნიჭით დაჯილდოვებული პატარა მსახიობები. არაერთი ცნობილი მსახიობი თუ რეჟისორი ეზიარა ადრეულ ასაკში დრამატულ ხელოვნებას, იქნებ მათ შორისაც აღმოჩნდნენ მომავალი დიდი რეჟისორები და მსახიობები. ჩვენ კი მათი პირველი შემომქედებითი ნაბიჯების მომსწრეები გავხდებით.
მჯერა, ეს ფესტივალი თავის დადებით როლს შეასრულებს არამარტო მომავალი მსახიობების გამოვლენაში, არამედ კარგი, კულტურული მაყურებლის აღზრდაში.
მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი, მნიშვნელოვანი და დროული პროექტისათვის იდეის ავტორებსა და დამფუძნებლებს: ბატონ მიხეილ გაბაიძეს და პეტრე ჩარგეიშვილს. ასევე მადლობა ამ პროექტის დამფინანსებელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რითიც ხელი შეუწყვეს მეტად საჭირო და კეთილ საქმეს. გზა მინდა დავულოცო ამ ახალ წამოწყებას და ვისურვებდი ის მარტო აჭარაში კი არა, მთელ საქართველოს მოედოს.
ჟიური